logo
ENG



ნაკაიძე: არ ვარ ვალდებული, ხელი მოვაწერო [მიშელის] დოკუმენტს, არ ვეთანხმები ბევრ საკითხს

18 მაი 202118:08
3 წუთის საკითხავი
 

ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლის მიუხედავად, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მაინც არ მოაწერს. მისი თქმით, გეგმავს ოპოზიციას დაეხმაროს პარლამენტში, თუმცა დოკუმენტის სულისკვეთებას არ შეუერთდება. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში, გადაცემა "კომენტარში" ისაუბრა. 

"მე ვფიქრობ, არ ვარ ვალდებული, ხელი მოვაწერო ამ დოკუმენტს იმ უბრალო მიზეზით რომ უბრალოდ არ ვეთანხმები ბევრ საკითხს.

არ ვეთანხმები 43%-ს, არ ვეთანხმები ამნისტიის იმ ფორმას, თუ ყველა გათავისუფლდება, დამნაშავეც და მსხვერპლიც. 

მე შევეცდები რომ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას დავუჭირო მხარი კონკრეტულად იმ შემთხვევებში, რომელიც შედეგს მოიტანს. 

ჩემი შესვლაც განაპირობა იმან, რომ ერთპარტიული პარლამნენტის თემა მოიხსნა ამ შეთანხმების საფუძველზე და ამ შემთხვევაში, ჩემი არშესვლით ამ ბოიკოტის სახე ვერ შენარჩუნდებოდა. მე ვფიქრობ, ჩემი იქ შესვლა უფრო მეტ ეფექტს გამოიღებს", - თქვა ნაკაიძემ. 

ტარიელ ნაკაიძემ ევროპული საქართველო დატოვა და პარლამენტში შედის. იგი საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

ევროპული საქართველოს პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია პარლამენტში არ შედის. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ განმარტა, ტარიელ ნაკაიძე თუ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, პარტიის დატოვება მოუწევს. 

პარტიის სიით პარლამენტში გასული დეპუტატებიდან 3 უკვე პარლამენტშია და საქმიანობას დამოუკიდებლად აგრძელებს, ელენე ხოშტარია კი მანდატზე უარს ამბობს. პარტიამ სულ 5 მანდატი მოიპოვა.

 


close დახურვა